Der Spiegel-ის ჟურნალისტებმა ტრამპის გუნდის მაღალჩინოსნების, მათ შორის - ტრამპის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცის, აშშ-ს თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთისა და ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდის პერსონალური მონაცემები - მობილური ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები და პაროლები საჯარო დომენში იპოვეს. ამის შესახებ Der Spiegel წერს.
გამოცემა წერს, რომ ყველა მათგანი მონაწილეობდა Signal-ის იმ საიდუმლო ჩათთან დაკავშირებულ სკანდალში, რომელსაც შეცდომით დაემატა ჟურნალ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი.
გაჟონილ მონაცემთა ბაზებში ჟურნალისტებმა შეძლეს მოეძებნათ მობილური ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები, მათ შორის ისეთები, რომლებიც დაკავშირებულია Instagram-ის, LinkedIn-ის, Dropbox-ისა და Signal-ის ანგარიშებთან. როგორც Der Spiegel წერს, ზოგიერთ შემთხვევაში პაროლებიც კი საჯარო იყო.
გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, შეიძლება ჰაკერებმა და არამეგობრული ქვეყნების დაზვერვის სამსახურებმა გამოიყენონ.