The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატეს Signal-ის საიდუმლო ჯგუფურ ჩატში, სადაც აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი წევრები განიხილავდნენ იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ მომავალი სამხედრო ოპერაციის დეტალებს. ამის შესახებ თავად გოლდბერგმა დაწერა თავის სტატიაში სათაურით "ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით მომწერა მესიჯი მისი სამხედრო გეგმების შესახებ". ეს ინფორმაცია მოგვიანებით თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

ეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა აშშ-ს თანამედროვე სამხედრო ისტორიაში, აღნიშნავს AFP.

გოლდბერგმა თქვა, რომ მან მიიღო მოწვევა ონლაინ ჩატში მიმდინარე წლის 11 მარტს, მხოლოდ ოთხი დღით ადრე, სანამ ვაშინგტონი ოფიციალურად გამოაცხადებდა სამხედრო ოპერაციების დაწყებას იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ. ჩატში იყო 18 ადამიანი, მათ შორის, ამერიკის ხელმძღვანელობის ძირითადი წარმომადგენლები, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ვიცე პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი. როგორც გამოცემის მთავარი რედაქტორი წერს, მათ დეტალურად განიხილეს დარტყმის დრო და მიზნები, სხვა ქვეყნების შესაძლო რეაქცია, ასევე პოტენციური რისკები და შედეგები.

გოლდბერგის თქმით, აშშ-ის სამხედრო მოქმედებების დეტალური გეგმა ჩატში გაიგზავნა სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ორი საათით ადრე. გეგმა შეიცავდა "ზუსტ ინფორმაციას იარაღის ნაკრების, მიზნებისა და ვადების შესახებ", ნათქვამია მოხსენებაში.

The Atlantic-ის მთავარ რედაქტორს თავდაპირველად ეჭვი ეპარებოდა ჩატის ავთენტიკურობაში: "არ მეგონა, რომ ეს რეალური იქნებოდა. შემდეგ ბომბებმა ცვენა დაიწყეს. არასდროს მინახავს საიდუმლოების ასეთი აშკარა დარღვევა. ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები იყენებენ სიგნალს, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ შეხვედრების დასაგეგმად და ლოგისტიკასთან დაკავშირებით და არა სამხედრო ოპერაციების განსახილველად", - თქვა გოლდბერგმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ბრაიან ჰიუზიმ განაცხადა, რომ მთავრობა ამჟამად იძიებს, თუ როგორ დაემატა ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სამთავრობო ჩატში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან "არაფერი იცოდა" მომხდარის შესახებ.

ცნობისთვის, 15 მარტს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან უბრძანა აშშ-ს სამხედროებს, დაეწყოთ "გადამწყვეტი და ძალისმიერი" სამხედრო მოქმედება იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ. მისი თქმით, აშშ-ს სამხედროებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმები ჯგუფის ბაზებზე, ლიდერებსა და სარაკეტო თავდაცვის სისტემებზე, რათა დაეცვა ამერიკული გემები და აღედგინა ნაოსნობის თავისუფლება წითელ ზღვაში.