კონგრესის წევრებმა და ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა გამოთქვეს აღშფოთება The Atlantic-აში გამოქვეყნებულ მასალაზე, რომლიდანაც ირკვევა, რომ იემენში აშშ-ის დარტყმები Signal-ის ჯგუფურ ჩატში განიხილებოდა. იუწყება Politico.
Politico-ს პენტაგონის წყაროებმა განუცხადეს, რომ Signal-ის ჩატის სიტუაცია "უბრალოდ დაუჯერებელია".
ინციდენტი საჯაროდ დაგმეს კონგრესის წევრებმა არა მხოლოდ დემოკრატიული პარტიიდან, არამედ რესპუბლიკური პარტიიდანაც.
რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა ინციდენტის სასწრაფოდ გამოძიების დაწყება მოითხოვა.
ორპარტიული გამოძიების ჩატარება მოითხოვა სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმაც. შუმერმა აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დარღვევა.
ცნობისთვის, Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა,რომ შემთხვევით დაამატეს Signal-ის ჯგუფურ ჩატში, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავდნენ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის გეგმებს.
ჩატის მონაწილეებმა გააჟღერეს საიდუმლო ინფორმაცია, განსაკუთრებით ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებზე, რომლის სამთავრობო საკომუნიკაციო სისტემების გარეთ გავრცელება აკრძალულია.
თავად ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.