ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხვდება. ბოლოს ისინი ერთმანეთს 2019 წელს ვლადივოსტოკში შეხვდნენ.
ამჟამად შეხვედრა კვლავ შორეულ აღმოსავლეთში, კოსმოდრომ ვოსტოჩნიიზე იმართება. კიმ ჩენ ინი იქ თავისი მწვანე მატარებლით ჩავიდა, სადაც წითელ ხალიჩაზე მოპირკეთებული კიბე იყო განთავსებული, ზუსტად იმ ადგილას, სადაც კიმი უნდა ჩამოსულიყო.
როგორც ჩრდილოეთ კორეის, ისე რუსეთის დელეგაციებში მაღალჩინოსანი დიპლომატები და სამხედრო მეთაურები შედიან. კიმ ჩენ ინის გვერდით იმყოფება მისი გავლენიანი და, კიმ იო ჯონგი.
შეხვედრისას პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს გაესაუბრნენ, მოგვიანებით კი კოსმოდრომის ობიექტები დაათვალიერეს.
როგორც ჩანს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინს განუცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
"რუსეთი წმინდა ბრძოლაში შევიდა თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად ჰეგემონური ძალებისგან. ჩრდილოეთ კორეა მხარს უჭერს პუტინის ყველა გადაწყვეტილებას", - თქვა კიმ ჩენ ინმა.
"მადლობელი ვარ, რომ ასეთ ყურადღებას იჩენთ რუსეთში ჩვენი ვიზიტის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ იმპერიალიზმის წინააღმდეგ", - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.