გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია ვერ შეძლებს უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, რადგან ქვეყანას მხოლოდ ექვსი ასეთი სისტემა აქვს დარჩენილი. მან ასევე განაცხადა, რომ ბერლინი კიევისთვის Taurus-ის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდებას არ გეგმავს. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პისტორიუსმა ინტერვიუ შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ მისცა, სადაც ის აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთს შეხვდება.
მისი თქმით, მინისტრები განიხილავენ ევროპაში აშშ-ის უსაფრთხოების მხარდაჭერის "საგზაო რუკას" და უკრაინისთვის ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხს.
პისტორიუსის თქმით, ბერლინმა კიევს უკვე გადასცა 12 Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა: "გერმანიაში მხოლოდ 6 დაგვრჩა", - თქვა მან.
პისტორიუსმა განმარტა, რომ დანარჩენი 2 პოლონეთს მიეწოდა და სულ მცირე 1 ყოველთვის მიუწვდომელი იყო ტექნიკური მომსახურების ან ტრენინგის გამო.
"ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა მიზნები აქვს NATO-ს იმ შესაძლებლობებს, რომელთა მიღწევაც შეგვიძლია. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია მეტის მიცემა," - თქვა მინისტრმა.