რუსეთის სამ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, რომლებსაც ბოლო ორ დღეში უკრაინამ დრონებით შეუტია, რუსეთში ნავთობის გადამუშავების საერთო სიმძლავრის დაახლოებით 12% მოდის, – იუწყება Bloomberg.
სააგენტოს ინფორმაციით, რიაზანის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელზედაც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 13 მარტს იყო, წელიწადში 17,1 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს და მოსკოვის მახლობლად მდებარე რეგიონების ერთ-ერთი ძირითადი მომმარაგებელია.
რიაზანის ქარხანა რუსეთის ნავთობის და გაზის უმსხვილესი კომპანია „როსნეფტის“ კონტროლქვეშაა. Reuters-ის ცნობით, დრონებით დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო მუშაობა შეაჩერა ნავთობის გადამუშავების ორმა ძირითადმა დანადგარმა.
13 მარტს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობპროდუქტების ქარხანაზეც, რომელიც იძულებული იყო მუშაობა შეეჩერებინა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 5,6 მილიონი ტონაა.
13 მარტს დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშიში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზეც. ქარხანა „კინეფი“ დიზელის საწვავის ექსპორტს აწარმოებს.
12 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დაზიანდა კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის ქალაქ კსტოვოში მდებარეობს.