ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
წყაროების ცნობით, 12 მარტს ევროკომისია შესთავაზებს ე.წ მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპებსა და ძირითად დებულებებს ადგენს. შემდეგი ნაბიჯი კი ევროკავშირის ლიდერების მიერ რეკომენდაციების განხილვაა, რომელიც მომავალ კვირას ბრიუსელში შედგება.
დიპლომატები და ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების ოფიციალურად დასაწყებად საჭიროა ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, რაც ნაკლებად სავარაუდოა ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებამდე.
Politico აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, მათ შორის ავსტრიისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი, ბოსნია და ჰერცეგოვინის მომავალ გაწევრიანებასთან ერთად.
Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი ცდილობს დააჩქაროს თავისი დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული გაფართოების პროცესი, რათა თავიდან აიცილოს მისი მეზობლების იმ ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევა, რომლებიც არ იზიარებენ მის ღირებულებებს, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი.
ევროკომისიამ ასევე უნდა წარმოადგინოს ანგარიში, თუ როგორ უნდა მოამზადოს ბლოკი შიდა გაფართოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინის დასაშვებად. მაგრამ ამ დოკუმენტის პრეზენტაცია, რომელიც თავდაპირველად 27 თებერვალს იყო დაგეგმილი, 20 მარტამდე გადაიდო.