შეერთებულმა შტატებმა მოკავშირე ქვეყნებს განუცხადა, რომ ბირთვული ანტი-სატელიტური იარაღი, რომელსაც რუსეთი ავითარებს, შესაძლოა კოსმოსში ბირთვული ქობინით ან მის გარეშე უკვე წელს გაუშვან. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროების მიერ ნანახი ამერიკული მონაცემები ადასტურებს მედიის ცნობებს, რომ რუსეთი ავითარებს კოსმოსურ შესაძლებლობებს ბირთვული იარაღის გამოყენებით თანამგზავრების მწყობრიდან გამოსაყვანად.
გამოცემის მიერ დასახელებული ექსპერტების აზრით, რუსეთი არ გეგმავს ამ ორბიტული იარაღის გამოყენებას, მაგრამ არსებობს უბედური შემთხვევის რისკი - რის შედეგადაც ბირთვული აფეთქება შესაძლოა თანამგზავრების დაახლოებით მესამედზე მოხდეს და დედამიწაზე საკომუნიკაციო სისტემები დაზიანდეს.
რუსული კოსმოსური საფრთხე შესაძლოა აპრილში, G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის განხილვის საგანი გახდეს.
შეერთებულმა შტატებმა კონგრესს და ევროპაში მოკავშირეებს ახალი სადაზვერვო მონაცემების შესახებ აცნობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებთან, რომლებიც შეიძლება საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენდეს. მოგვიანებით წყაროებმა განაცხადეს, რომ გაფრთხილება ეხებოდა რუსეთის კოსმოსურ შესაძლებლობებსა და თანამგზავრებს.
CNN, წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ავითარებს ბირთვულ კოსმოსურ იარაღს, რომელსაც შეუძლია შექმნას ენერგეტიკული ტალღა და თანამგზავრების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგუროს ან მწყობრიდან გამოიყვანოს.