აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროში ყველა ქვეყანას მოუწოდა, უთხრან რუსეთს, შეწყვიტოს შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება.

მისი თქმით, "შიმშილი იარაღად არ უნდა იქნეს გამოყენებული".

"საკმარისია შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. საკმარისია მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხის ბერკეტად გამოყენება. საკმარისია ეს გაუმართლებელი, გონს მოკლებული ომი", - განაცხადა მან.

ბლინკენის თქმით, თითქმის 90-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ის მიერ შემუშავებულ მოკლე კომუნიკეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ვალდებულნი არიან, „მიიღონ ზომები, რათა შეწყვიტონ საკვების, როგორც ომის იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილის, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენება“.

რუსეთი გასულ თვეში გავიდა მარცვლეულის შეთანხმებიდან, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა უკრაინის მარცვლეულის უსაფრთხო გატანას უკრაინის შავი ზღვის სამი პორტიდან. შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, მოსკოვმა თავის სამიზნეებად გადააქცია უკრაინის პორტები და მარცვლეულის ინფრასტრუქტურა შავ ზღვაზე და მდინარე დუნაიზე.