ირანში უპრეცედენტო გვალვაა, ქვეყნის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ თეირანიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, ირანში რეკორდულად მცირე ნალექის გამო წყლის რეზერვუარები თითქმის დაცარიელებულია. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოიმარაგონ წყალი.
ქვეყნის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო არაა გამორიცხული, დედაქალაქიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო.
მისივე თქმით, თუ უახლოეს ხანში წვიმა არ წამოვა, თეირანში წყლის მიწოდების შეზღუდვა გახდება საჭირო, თუმცა პეზეშკიანის თქმით, დიდი ალბათობით ესეც არ იქნება საკმარისი.
„თუ წყლის ნორმირებულმა მიწოდებამ ვერ იმუშავა, მაშინ შესაძლოა, მოგვიწიოს თეირანის ევაკუაცია“, – აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
ირანის პრეზიდენტის ამ სიტყვებს ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი მოჰყვა. თეირანის ყოფილმა მერმა, გოლიამჰოსეინ კარაბაშიმ თეირანის ევაკუაციის იდეას „ხუმრობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს საღ აზრს მოკლებულია.
მეტეოროლოგების თქმით, უახლოეს 10 დღეში ირანში ნალექი მოსალოდნელი არ არის.
ამასთან, ირანის ენერგეტიკის მინისტრის, აბას ალიაბადის თქმით, წყალმომარაგების კრიზისი მხოლოდ ნალექის სიმცირეს არ უკავშირდება. მისი მოსაზრებით, პრობლემას ასევე ქმნის ძველი წყალსადენი სისტემა, რომელიც ხშირად ზიანდება.
თარგმანი: პირველი არხი








