პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ მიიჩნევს, რომ გაეროს გენერალური მდივანი ზედმეტ მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საიდუმლო მასალების თანახმად, ვაშინგტონი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს ყურადღებით აკვირდებოდა.

რამდენიმე დოკუმენტი აღწერს პირად კომუნიკაციებს გუტერეშისა და მისი მოადგილის მონაწილეობით. დოკუმენტები შეიცავს ანტონიო გუტერეშის მხრიდან უკრაინაში ომზე დაკვირვებებს და ინფორმაციას აფრიკელი ლიდერების შესახებ.

ერთი საიდუმლო დოკუმენტი ფოკუსირებულია შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზე, რომელიც გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა. დოკუმენტების თანახმად, გაეროს გენერალურ მდივანს იმდენად სურდა შეენარჩუნებინა შეთანხმება, რომ მზად იყო, დაეკმაყოფილებინა რუსეთის ინტერესები.

„გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ცდილობს, გააუმჯობესოს რუსეთის ექსპორტის უნარი, მაშინაც კი, თუ ეს ეხება სანქცირებულ რუსულ სუბიექტებს ან ინდივიდებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.