სოციალურ ქსელებში გაჟონილი პენტაგონის საიდუმლო ამერიკული დოკუმენტების თანახმად, სერბეთი კიევისთვის იარაღის მიწოდებას დაეთანხმა ან უკვე გადასცა. ამის შესახებ Reuters წერს.
დოკუმენტი, რომელიც აჯამებს ევროპული მთავრობების პასუხებს უკრაინის მიერ წვრთნებისა და "ლეტალური იარაღით დახმარების" თხოვნაზე, ბოლო კვირების განმავლობაში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ასობით საიდუმლო დოკუმენტს შორის იყო.
დოკუმენტი, სახელწოდებით "ევროპის პასუხი რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კონფლიქტზე", ასახავს ევროპის 38 მთავრობის "სავარაუდო პოზიციებს" უკრაინის სამხედრო დახმარების თხოვნის საპასუხოდ.
დიაგრამა გვიჩვენებს, რომ სერბეთმა უარი თქვა უკრაინელი სამხედროების წვრთნაზე, მაგრამ დაჰპირდა ლეტალური იარაღით დახმარებას ან უკვე გაუწია მას. ასევე ნათქვამია, რომ სერბეთს აქვს პოლიტიკური ნება და სამხედრო შესაძლებლობები, რათა უკრაინას მომავალში იარაღი მიაწოდოს.
დოკუმენტი კლასიფიცირებულია, როგორც "საიდუმლო" და NOFORN, რომელიც კრძალავს მის გავრცელებას უცხოურ სპეცსამსახურებსა და სამხედროებს შორის. დოკუმენტი დათარიღებულია 2 მარტით და დალუქულია გაერთიანებული შტაბის უფროსის ბეჭდით.
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ოფისი და ბელგრადში უკრაინის საელჩო ჯერ არ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს.
ვუჩიჩის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის ომში ნეიტრალურია.
გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს არ მიუყიდია და არ მიჰყიდის იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთს, ასევე არც იმ ქვეყნებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტთან არიან "დაკავშირებული."