"სახიფათო ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის უზრუნველსაყოფად, ლაჩინის გზაზე და სხვა მიმართულებებით შეიქმნა ჰუმანიტარული დერეფნები და მიმღები პუნქტები“, - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. ის აზერბაიჯანს გასული წლიდან ჰქონდა ბლოკირებული.

"ქალები, ბავშვები, მოხუცები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ავადმყოფები უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით, სასმელი წყლით და საკვებით", - აცხადებენ ბაქოში და აღნიშნავენ, რომ "ადმინისტრაციული სტრუქტურების, სოციალური, საგანმანათლებლო, სამედიცინო, რელიგიური და სხვა დაწესებულებების დაცვა და უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი , როგორც ამას აზერბაიჯანის კანონმდებლობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები ითვალისწინებს".

დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციის მიზანია რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".

მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ტერორისტული მიზნით ჩადო".

სოციალურ ქსელებში უკვე ვრცელდება საომარი მოქმედებების ამსახველი ვიდეო კადრები, ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში კი საჰაერო განგაშია გამოცხადებული.