Axios წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ პირველ ეტაპზე NATO-ს მოკავშირეებს დაახლოებით $10 მილიარდის ღირებულების შეიარაღებას მიყიდის, რაც საბოლოოდ უკრაინას გადაეცემა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გეგმა რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის იარაღსა და საარტილერიო ჭურვებს მოიცავს. 

მანამდე, 14 ივლისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ დრამატულად გაზრდის ევროპელი მოკავშირეებისთვის შეიარაღების მიწოდებას, ეს ქვეყნები კი იარაღს შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან. 

თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს მოკავშირეებს "მილიარდობით დოლარის" ღირებულების მქონე "საუკეთესო" სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. იარაღის საფასურს კი თავად ევროპული ქვეყნები გადაიხდიან. 

რუტემ თქვა, რომ ამ გეგმით უკრაინა დიდი რაოდენობის იარაღის მოპოვებას შეძლებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვასა და რაკეტებს. 

Axios-ის ინფორმაციით, გარკვეულ შემთხვევებში ევროპული ქვეყნები დაუყოვნებლივ გაუგზავნიან უკრაინას მათ არსენალში არსებულ შეიარაღებას, რაც შემდეგ აშშ-სგან იარაღის შესყიდვით შეივსება. 

გამოცემა ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გეგმა ასევე შორი მოქმედების რაკეტებსაც მოიცავს, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანაა შესაძლებელი. ამასთან, Axios-ის მიხედვით, აღნიშნული გეგმა ტრამპს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს სამიტზე წარუდგინა, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა.

ამას გარდა, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კრემლს 100%-იანი "მეორადი ტარიფებით" დაემუქრა, რაც რუსული ნავთობის შემსყიდველ ისეთ ქვეყნებზე ტარიფების დაწესებას გულისხმობს, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი.