საფრანგეთმა შეიმუშავა წინადადება ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, რომელიც ლიბანის მთავრობისგან ისრაელის აღიარებას მოითხოვს.
Axios ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ლიბანის მთავრობამ ეს წინადადება მოლაპარაკებების საფუძვლად მიიღო, ხოლო აშშ და ისრაელი ამჟამად დოკუმენტს განიხილავენ.
სტატიის თანახმად, ფრანგული გეგმა ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებს, რასაც პარიზი და ვაშინგტონი დაუჭერენ მხარს."პოლიტიკურ დეკლარაციაზე" მხარეები ერთი თვის ვადაში უნდა შეთანხმდნენ.
Axios-ის მიერ ციტირებული წყაროები ამბობენ, რომ საფრანგეთს მოლაპარაკებების პარიზში გამართვა სურს. პროცესი თავდაპირველად მაღალი რანგის დიპლომატების დონეზე დაიწყება, შემდეგ კი უმაღლესი პოლიტიკური პირების დონეზე გადავა.
გეგმის თანახმად, ისრაელის აღიარებასთან ერთად, ლიბანმა პირობა უნდა დადოს, რომ პატივს სცემს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ორივე ქვეყანამ ხაზი უნდა გაუსვას ერთგულებას გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციისადმი, რომელმაც 2006 წლის ლიბანის მეორე ომი დაასრულა, და ასევე 2024 წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისადმი.
გეგმის მიხედვით, ლიბანის მთავრობა ასევე ვალდებული იქნება, აღკვეთოს ნებისმიერი თავდასხმა ისრაელზე ლიბანის ტერიტორიიდან, მოახდინოს "ჰეზბოლას" განიარაღება და აკრძალოს ამ ტერორისტული ჯგუფის სამხედრო საქმიანობა.
სტატიაში ნათქვამია, რომ ლიბანს მოეთხოვება გამოხატოს მზადყოფნა ისრაელთან მოლაპარაკებებისთვის მუდმივი თავდაუსხმელობის პაქტის შესახებ. შეთანხმება, რომელიც დაასრულებს საომარ მდგომარეობას (რაც ფორმალურად 1948 წლიდან, ებრაული სახელმწიფოს დაარსებიდან გრძელდება), ორ თვეში უნდა გაფორმდეს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) დატოვებენ იმ ხუთ პოზიციას სამხრეთ ლიბანში, რომლებიც 2024 წელს დაიკავეს.
Axios-ის ცნობით, საფრანგეთის წინადადების ბოლო ეტაპი წლის ბოლომდე ისრაელ-ლიბანისა და ლიბან-სირიის საზღვრების დემარკაციას ითვალისწინებს.








