Axios-ს ორი ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ჟენევაში აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე სამმხრივი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

ამის მიზეზად წყაროები რუსეთის დელეგაციის ახალი ლიდერის, პუტინის მრჩევლის, ვლადიმერ მედინსკის მიერ მოლაპარაკებების დროს წარმოდგენილ პოზიციებს ასახელებენ. 

ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ შეხვედრებისას რუსეთის მხარემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა - რუსების აზრით ზელენსკი სერიოზული მოლაპარაკებების წარმოებით დაინტერესებული არაა და ის პოტენციური არჩევნების წინ საკუთარი პოპულარობის გაზრდას ცდილობს.

თავად ზელენსკიმ Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბუ-დაბიში მიმდინარე სამხედრო ხასიათის მოლაპარაკებები ბევრად პროდუქტიული იყო. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ზავის პირობების მონიტორინგს აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილ მექანიზმი დრონების გამოყენებით გაუწევდა.

ზელენსკიმ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინაში ნებისმიერი არჩევნები შესაძლოა მყიფე ზავის პირობებში გაიმართოს და რომ ასეთ შემთხვევაში თავადაც შეიძლება იყოს კანდიდატი - "ეს ხალხზე იქნება დამოკიდებული. ვნახავთ, რა სურთ მათ".

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მხოლოდ ერთდღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა, რათა უკრაინამ ეროვნული არჩევნების ორგანიზება და ჩატარება შეძლოს. ზელენსკი ამ შეთავაზებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ არჩევნების მოსამზადებლად უკრაინას 60 დღე სჭირდება.

ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე ტერიტორიულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ საჯარო გამოსვლებში უკრაინის მიმართ დათმობისკენ მოწოდებები უსამართლოა და უკრაინელი ხალხი ტერიტორიის რუსებისთვის გადაცემას არ დათანხმდებიან.