პენტაგონმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებს დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახური იუწყება.

მათივე ინფორმაციით, 600 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების ინიციატივის ფარგლებში.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების მხარდასაჭერ აღჭურვილობას;

HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას;

105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს;

აღჭურვილობას განაღმვისთვის და სხვა შეიარაღებას.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინის დასახმარებლად მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს.