აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრის შედეგები ასე გამოიყურება:
349 – მომხრე, აქედან 168 რესპუბლიკური პარტიისა და 181 დემოკრატიული პარტიის წევრი;
42 – წინააღმდეგი, აქედან 34 რესპუბლიკური პარტიისა და 8 დემოკრატიული პარტიის წევრი;
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.
ორპარტიულ აქტში დეკლარირებულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო ზრდის მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მისი მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მიმართ, ამავდროულად კი აძლიერებს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
"სახელმწიფო მდივანმა უნდა შეაჩეროს 2009 წლის 9 იანვარს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შექმნილი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეთა დემოკრატიული ნების გამოსახატავად შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს და არ დაიცავს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ უნდა მიისწრაფოდეს.
აშშ-ს ინტერესებშია:
მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ მისწრაფებას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ, რაც პირდაპირაა ასახული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში და რასაც ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს;
გააგრძელოს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მან შეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა რუსეთის მხრიდან შემდგომი აგრესიისა ან ხელყოფის წინააღმდეგ - საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოუწოდოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, გააგრძელონ მუშაობა იმ რეფორმების გეგმაზე, რომელიც განისაზღვრა ევროკომისიის მიერ და რომლის შესრულებაც აუცილებელია საქართველოსთვის ახლად მინიჭებული კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებისა და განახლებისთვის - ინკლუზიური და გამჭვირვალე საკონსულტაციო პროცესის გზით, რომელშიც უნდა ჩაერთონ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ანუ ის წარმომადგენლები, რომლებიც ქართველმა ხალხმა დემოკრატიული გზით აირჩია;
გადახედოს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან და განიხილოს მასთან დაკავშირებული ყველა ფორმის საგარეო და სამხედრო დახმარება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა გადადგამს საჭირო ნაბიჯებს - რომ კვლავ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგში და გაატარებს ისეთ პოლიტიკას ან მიიღებს ისეთი კანონმდებლობას, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მკაფიო ნებას.
მოუწოდოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომ პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიის თავისუფლებას, ასევე - კანონის უზენაესობას, და ხელი შეუწყონ სიცოცხლისუნარიან და ინკლუზიურ სამოქალაქო საზოგადოებას;
მოუწოდოს საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს პოლიტიკური მოტივებით დაკავებული და გასამართლებული ყველა პირი და შეუწყვიტოს ყველა წარდგენილი ბრალდება.
მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, სრულყოფილად გამოიძიოს 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული ეროვნული არჩევნების გარშემო არსებული ყველა ბრალდება, განსაზღვროს, შეიძლება თუ არა ეს არჩევნები შეფასდეს არალეგიტიმურად და პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც ჩარეული იყო საარჩევნო პროცესში.
არაუგვიანეს 180 დღის ვადაში აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის დღიდან, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული დაზვერვის დირექტორსა და თავდაცვის მინისტრთან კოორდინაციით, ვალდებულია, წარუდგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს დახურული ანგარიში, რომელიც შედგენილი იქნება წყაროებისა და მეთოდების პრინციპების დაცვით და შეეხება რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურების ელემენტებისა და მათი აქტივების საქართველოში შესაძლო გავლენას.
ანგარიში უნდა მოიცავდეს დანართს, რომელიც განიხილავს ჩინეთის გავლენას საქართველოში და რუსეთისა და ჩინეთის პოტენციურ თანამშრომლობის გადაკვეთებს ქვეყნის შიგნით", - ნათქვამია კანონპროექტში.