3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, "MEGOBARI აქტი" ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
"3 იანვარს, როდესაც ახალი კონგრესი ფიცს დადებს, "MEGOBARI აქტი" ხელახლა იქნება წარდგენილი კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით - როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის ერთგულებას და მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც ახალი კონგრესი განიხილავს - სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ადრე, როგორიცაა ენერგეტიკა, საზღვრების უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება.
ტრამპის გუნდის ლიდერები, როგორებიც არიან მარკო რუბიო - ადამიანი, რომლის ოჯახსაც კომუნისტური კუბის დატოვება მოუხდა და ამიტომაც, პირად მაგალითზეც კარგად ესმის ტოტალიტარიზმის საშიშროება, ასევე ელის სტეფანიკი და მაიკ უოლცი - ეს ხალხი საქართველოს კარგად იცნობს, ისინი გულშემატკივრობენ დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოს და ამ საქმეში წამყვან როლს შეასრულებენ. მათი მიზანი იქნება, რომ საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია პრიორიტეტად დარჩეს", - განაცხადა ჯო უილსონმა.