ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელსაც პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები აკონტროლებენ, მიღწეულია ორპარტიული შეთანხმება უკრაინის და ისრაელის დახმარებისა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. მან შეთანხმებულ პროექტს რესპუბლიკელებისთვის მოგებიანი უწოდა. დემოკრატების უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ვარაუდობს, რომ პირველი კენჭისყრა ამ კვირის ოთხშაბათს გაიმართება.

ფინანსური პაკეტი 118 მილიარდ დოლარს აღემატება. ამ თანხიდან 60 მილიარდზე მეტი განკუთვნილია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის, 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასისთვის" და 20 მილიარდზე მეტი შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებისა და მიგრაციის პოლიტიკის გადახედვისთვის. ფინანსური პაკეტით, 2 მილიარდ დოლარზე მეტი გათვალისწინებულია წითელ ზღვაში აშშ-ის ოპერაციისთვის იემენელი მეამბოხეების წინააღმდეგ და თითქმის 5 მილიარდი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შეერთებული შტატების პარტნიორების(ტაივანი) დასახმარებლად.

სავარაუდოა, რომ კანონპროექტს წინააღმდეგობა შეხვდება რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში. ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კონსერვატორი რესპუბლიკელები მექსიკასთან საზღვარზე ზომების უკიდურესად გამკაცრებას და თავშესაფრის მიცემის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ და დემოკრატების წინადადებებს არასაკმარისად მიიჩნევენ.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად თანხები ამოწურული აქვს, კონგრესისგან 2023 წლის ოქტომბრიდან ითხოვს ახალი ფინანსური პაკეტის მიღებას. კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა კონგრესის ზედა პალატაში, სენატში.