ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრესა ავრცელებს.

სომხეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის მიერ გავრცელებული შეტყობინების თანახმად, სააგენტოს დირექტორი სამანტა ფაუერი 8-11 ივლისს ეწვევა ერევანს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის გაღრმავებული პარტნიორობა სომხეთთან, ხაზი გაუსვას USAID-ის მხარდაჭერას სომხეთის მთავრობის რეფორმებისადმი და გააძლიეროს ძალისხმევა სომხეთის მდგრადობის გასაძლიერებლად. 

„ვიზიტის დროს USAID-ის ხელმძღვანელი შეხვდება სომხეთის მთავრობის მაღალჩინოსნებს, ბიზნესის ლიდერებს, ახალგაზრდებს და მედიის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას USAID-ის ერთგულებას სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ყველა სომხის საკეთილდღეოდ მისი ეკონომიკური პოტენციალის ათვისებაში.

ის ასევე შეხვდება იძულებით გადაადგილებულ პირებს, რათა გააძლიეროს აშშ-ის მხარდაჭერა სომხეთის მთავრობისთვის ჰუმანიტარული, ფსიქოსოციალური მხარდაჭერის ჩათვლით, დახმარების გაწევაში და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენისკენ მიმართულ საქმიანობაში", - ნათქვამია სომხეთში USAID-ის მისიის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.