აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, 20 წლის მ.ჩ., რომელიც სიძულვილის გაღვივებასა და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვაშია ბრალდებული.
აღნიშნული პირი ინტერპოლის მიერ იყო ძებნილი და 2024 წლის 6 ივლისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში დააკავეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, დაკავებული იყო იმ დაჯგუფების ლიდერი, რომელიც ეროვნული უმცირესობებისა და ებრაული თემის წინააღმდეგ მოქმედებდა.
„დაკავებულმა 2023 წლის ნოემბერში ნიუ-იორკში, ახალი წლის ღამეს მასობრივი თავდასხმის დაგეგმვა დაიწყო. სქემის მიხედვით, პირი სანტა კლაუსის ფორმას იცვამდა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს მოწამლულ კანფეტებს ურიგებდა. სქემა ასევე მოიცავდა ბრუკლინში ებრაული სკოლების ბავშვებისთვის მოწამლული ტკბილეულის მიწოდებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, დაკავების შემდეგ საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს გადასცა სქემები საკუთარი გეგმის შესახებ, რომელთა ნაწილი დაკავშირებულია რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“.
აშშ-ის პროკურორის, ბრეონ პისის თქმით, ვარაუდობენ, რომ ბრალდებული ცდილობდა, დაექირავებინა რამდენიმე პირი ძალადობრივი თავდასხმებისა და მკვლელობების ჩასადენად, ნეონაცისტური იდეოლოგიების გასაძლიერებლად.
აშშ-ის საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულს განზრახული ჰქონდა, თავდასხმა იმაზე მასშტაბური ყოფილიყო, ვიდრე იყო 2011 წელს ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ძალადობრივი დანაშაულების ხელშეწყობისა და ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირებისთვის, მკვლელობის ან დაზიანების განზრახვით; ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა – ძალადობრივი დანაშაულების ხელშეწყობისთვის; 20 წლით თავისუფლების აღკვეთა – ფეთქებადი მოწყობილობების დამზადებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისთვის და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელებისთვის.