დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკის ისტორიაში ვიზების მასშტაბური გაუქმებისთვის ემზადება. სააგენტო Associated Press-ზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი გეგმავენ, გააუქმონ ბიზნეს (B1) და ტურისტული (B2) კატეგორიის ვიზები იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ თავშესაფარი მოითხოვეს.
ცვლილება შეეხება იმ პირებს, რომლებმაც მოკლევადიანი ვიზიტის საბაბით შეაღწიეს ქვეყანაში, ხოლო შემდეგ მუდმივად დარჩენის მიზნით თავშესაფრის მოთხოვნით მიმართეს შესაბამის უწყებებს.
როგორც ოფიციალური პირები განმარტავენ, ვიზის გაუქმება ავტომატურად არ ნიშნავს დაუყოვნებლივ დეპორტაციას. პირებს, რომელთა თავშესაფრის განაცხადებიც განხილვის პროცესშია, ტურისტული ან ბიზნეს სტატუსი უუქმდებათ და ისინი მიგრაციულ პროცესში სხვა კატეგორიაში გადავლენ, სანამ მათი საქმეები ფედერალური სისტემით განიხილება.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება, ხოლო სახელმწიფო უწყებები მიზნად ისახავენ საიმიგრაციო კანონმდებლობის გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთას.
პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უფლებადამცველების მხრიდან სამართლებრივ დავებსა და სარჩელებს გამოიწვევს.




