არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ მიიღო რუსი სამშვიდობოების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ნათქვამია არაღიარებული რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

„ორდღიანი ჯიუტი ბრძოლების განმავლობაში, არტახის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები გმირულად იცავდნენ თავს ცოცხალი ძალითა და სამხედრო ტექნიკით რამდენჯერმე აღმატებული მტრისგან და ზარალი მიაყენეს მას. სამწუხაროდ, დანაკარგები განიცადა არტახურმა მხარემ, ზოგიერთ რაიონში კი მოწინააღმდეგემ მოახერხა თავდაცვის ძალების საბრძოლო პოზიციების გარღვევა და რიგ სიმაღლეებზე და სტრატეგიულ საგზაო კვანძებზე კონტროლის დამყარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, "ყარაბაღის ხელისუფლება იღებს რუსეთის სამშვიდობო მისიის სარდლობის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“, – იუწყება BBC-ის რუსული სამსახური.

განცხადებაში ასევე საუბარია ყარაბაღის არმიის სრულ განიარაღებაზე და არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანაზე.

გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ყარაბაღში, "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები".

ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".

მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა, აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში, ტერორისტული მიზნით ჩადო".