მაშინ, როცა დასავლეთის სახელმწიფოებმა, ისრაელს, ღაზას სექტორიდან მასიური საჰაერო თავდასხმების შემდეგ, უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადეს, რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ "ჰამასის" შეტევას ისრაელზე მხარი დაუჭირა, ზოგიერთმა კი, ესკალაციაში თავად ისრაელს დაადანაშაულა. ასეთი განცხადებები ირანის, სირიის, ერაყისა და ქუვეითის ხელისუფლებებმა გააკეთეს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანმა "ჰამასს", ისრაელზე თავდასხმა მიულოცა. "დღევანდელმა ოპერაციამ, ოკუპანტების წინააღმდეგობისა და შეიარაღებული ოპერაციების სფეროში, ახალი გვერდი გადაშალა", - განაცხადა მან.
"ჩვენ მივესალმებით პალესტინელ მებრძოლებს. ჩვენ ვიდგებით პალესტინელი მებრძოლების გვერდით პალესტინისა და იერუსალიმის გათავისუფლებამდე", - თქვა რაჰიმ საფავიმ, ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა. მან ისრაელზე თავდასხმას "საამაყო ოპერაცია" უწოდა.
სირიამ, ისრაელის წინააღმდეგ დარტყმების მიმართ, უპირობო მხარდაჭერა გამოხატა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ჰამასის" თავდასხმას "საპატიო მიღწევა" უწოდა.
ამავდროულად, საუდის არაბეთის განცხადება, გარკვეულწილად, თავშეკავებული იყო - ის მოითხოვდა, რომ "დაუყოვნებლივ შეწყდეს ორ მხარეს შორის ესკალაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და თვითკონტროლი აუცილებელია".
"სამეფო იხსენებს თავის განმეორებით გაფრთხილებებს ფეთქებადი სიტუაციის საფრთხის შესახებ, რომელიც მიმდინარე ოკუპაციისა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების ჩამორთმევით არის გამოწვეული", - განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ისრაელთან გარკვეული დაახლოება დაიწყო.
ბევრმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ასევე დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, ნიდერლანდების და ევროპის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა, ისლამისტების ქმედებები მკაცრად დაგმეს, ისრაელის ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათი უფლებების დაცვის აუცილებლობა ხაზგასმით აღნიშნეს.
ევროკავშირი, "ჰამასის" თავდასხმებთან დაკავშირებით, ისრაელის გვერდით დგას და პალესტინელების ქმედებებს გმობს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სპეციალური ვიდეო გააკეთა, რომელშიც ისრაელს ყველა საჭირო მხარდაჭერას დაჰპირდა.
რუსეთს ისრაელისთვის მხარდაჭერა არ გამოუთქვამს და განაცხადა, რომ ყველა მხარესთან კონტაქტშია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება. ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისა და ისრაელისგან განსხვავებით, რუსეთი "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს და დაჯგუფებასთან ურთიერთობას ინარჩუნებს.
ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" ისრაელს 7 ოქტომბერს, დილით შეუტია. მოძრაობის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ოპერაციის დროს ხუთი ათასი რაკეტა გაისროლეს, ხოლო ათობით მებრძოლი ისრაელის დასახლებებში, ღაზას სექტორის საზღვარზე - საჰაერო გზით ან საზღვარზე ღობეების გავლით შევიდა.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანას ორი ათასზე მეტი რაკეტა მოხვდა. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, საღამოსთვის, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 250 ადამიანს მიაღწია, კიდევ 1452 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ინტერნეტში ვრცელდებოდა უამრავი ვიდეო დატყვევებული ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც "ჰამასის" მებრძოლები ან ხოცავდნენ, ან სცემდნენ, ატყვევებდნენ და ღაზას სექტორში მიჰყავდათ.