თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს "ჰამასის" დაგმობაზე ან სიტყვა "ტერორიზმის" წარმოთქმაზე და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ "ღრმად შეშფოთებულია ისრაელსა და პალესტინაში დღეს მომხდარი ძალადობითა და დაძაბულობით." ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში სიმშვიდის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და მკაცრად ვგმობთ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ძალადობრივი აქტები და მასთან დაკავშირებული ესკალაციები სარგებელს არავის მოუტანს და მოვუწოდებთ მხარეებს, იმოქმედონ თავშეკავებულად და მოერიდონ იმპულსურ ნაბიჯებს." - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ანკარა "მხარეებს" ასევე მოუწოდებს იმუშაონ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე.
შაბათს დილით, პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰამასმა" ისრაელზე მასშტაბური სახმელეთო და სარაკეტო შეტევა დაიწყო.
ყველასთვის მოულოდნელად, "ჰამასის" მებრძოლებმა ბლოკადაში მყოფი ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ბლოკპოსტები გაარღვიეს და სამხრეთ ისრაელში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ.
პარალელურად დაიწყო სარაკეტო შეტევაც. სხვადასხვა ცნობებით, ისრაელის მიმართულებით გაისროლეს 5000-იდან 7000-მდე რაკეტა.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 200-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე, დაიჭრა - 1100-ზე მეტი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია.