აზერბაიჯანი ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორია, ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ გავაცოცხლეთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კოშტამ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს იმ დახმარებისთვის, რომელიც ქვეყანამ გაუწია ევროკავშირის მოქალაქეებს ირანიდან ევაკუაციის პროცესში.

მისი თქმით, რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს და მზად არის, გააგრძელოს თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართულებით.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორია. ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ გავაცოცხლეთ ჩვენი ურთიერთობები. დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია ჩვენი საერთო ვალდებულებისა შემდგომი თანამშრომლობის მიმართ, განსაკუთრებით უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ციფრული ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ასევე არსებული დიალოგის მექანიზმების სრულად გამოყენებისა, მათ შორის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ახალ ჩარჩოზე ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს ძლიერ სიგნალს აგზავნის მომავლის თაობაზე ჩვენი ერთობლივი ხედვის შესახებ. ჩვენ ასევე ვიკვლევთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებს“, – განაცხადა კოშტამ.

კოშტას თქმით, ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკულ თანამშრომლობას.

„ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიანი, სტაბილური, ურთიერთდაკავშირებული და აყვავებული სამხრეთ კავკასიისთვის. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიულია. ვაშინგტონის შეთანხმებები ასახავს თქვენს ერთგულებას დიალოგისა და შერიგების მიმართ და ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას მათი სრული განხორციელების მხარდაჭერაში. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა არა მხოლოდ პოლიტიკურ შეთანხმებებზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქაღალდზე, არამედ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე – ეკონომიკურ კავშირებზე, ვაჭრობასა და საერთო კეთილდღეობაზეა აგებული. ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება გრძელვადიანი სტაბილურობისკენ მიმავალი ყველაზე საიმედო გზაა. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ შესაძლებლობების გახსნას ყველას საკეთილდღეოდ. აზერბაიჯანის რეგიონული როლი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა კოშტამ.

თარგმანი: პირველი არხი