ამერიკული მედიის შეფასებით, მიუხედავად მაღალი მოლოდინებისა და სიმბოლური დატვირთვისა, ლიდერების დაახლოებით 90-წუთიანმა საუბარმა გლობალური კრიზისების გადაჭრის კუთხით ხელშესახები დიპლომატიური გარღვევა ვერ მოიტანა.

როგორც ტელეკომპანია „სიბიეს ნიუსი“ იუწყება, შეხვედრის დასრულებისთანავე დონალდ ტრამპი ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე გაემგზავრა აშშ-ში, თუმცა თვითმფრინავის ბორტიდან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვიზიტის დეტალებზე პრესკონფერენციას პარასკევს გამართავს. მანამდე კი მან სამიტს „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა, რასაც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ხაზგასმით უპირისპირებს ფაქტს, რომ მოლაპარაკებებს რეალური შედეგი არ მოჰყოლია და სამიტის ერთადერთი ოფიციალური შედეგი კრემლის, პეკინის და თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ზოგადი ხასიათის ერთობლივი ოთხპუნქტიანი დოკუმენტი აღმოჩნდა.

რა წერია ოთხპუნქტიან დეკლარაციაში?

გაეროს რეფორმირება. უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა დაადასტურეს მზაობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეფორმირებისთვის, რათა მან უფრო ეფექტურად უპასუხოს გლობალურ გამოწვევებს და შეასრულოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის მთავარი მისია.

ენერგორესურსების მოპოვების ზრდა. ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, „ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ“ გაზარდონ ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება.

საერთაშორისო სასამართლოების შეზღუდვა. მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფოთა თანხმობის პრინციპისა და სახელმწიფო მოხელეთა იმუნიტეტის პატივისცემის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) და სხვა მსგავსმა ორგანოებმა საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.

ბირთვული ომის დაუშვებლობა. სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული ვერ იქნება და ის არასდროს უნდა დაიწყოს.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ დეკლარაციაში უკრაინის ომი საერთოდ არ არის ნახსენები. გამოცემის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს „მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამივე ლიდერს ომის სწრაფად დასრულება სურს, მოსკოვის პოზიცია უცვლელი დარჩა. სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპელი ლიდერების ჩართვის იდეა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში დასავლური სამშვიდობო ძალების განლაგება მისთვის მიუღებელი წითელი ხაზია.

თავის მხრივ, გამოცემა„უოლ სტრიტ ჯორნალი“ შენჟენის სამიტს გლობალური წესრიგის ცვლილების სიმბოლოდ მიიჩნევს, სადაც აშშ-ის დომინირებას მოსკოვი და პეკინი ღიად უპირისპირდებიან. ანალიტიკოსების შეფასებით, საერთო ჯამში, შეხვედრამ უფრო მეტი სიმბოლური და ფოტო-ეფექტი შექმნა, ვიდრე რეალური დიპლომატიური გარღვევა მოიტანა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ