ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ახალი გარანტიები წესდება, მათ შორის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. ამავე კანონის თანახმად, მკაცრდება მოთხოვნები პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის.
დოკუმენტი ანიჭებს სამუდამო ხელშეუხებლობას ყოფილ პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს. კანონის თანახმად, სახელმწიფოს ყოფილმა მეთაურმა არ შეიძლება პასუხი აგოს მოქმედებებზე, რომლებიც კავშირშია მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან.
კანონი პრეზიდენტს გადადგომის შემდეგ უფლებას აძლევს, გახდეს ბელარუსის სახალხო კრების დეპუტატი და პარლამენტის ზედა პალატის წევრი სიცოცხლის ბოლომდე. მას სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება თანხა, რომელიც იქნება მოქმედი პრეზიდენტის ხელფასის ოდენობის, გარანტირებული ექნება სამედიცინო უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაცვა, თანაშემწეთა მომსახურებით სარგებლობა და წვდომა სამთავრობო ქსელებთან.