თურქეთ-სირიის საზღვართან დამანგრეველი მიწისძვრის ფონზე, სომხეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა. თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu 11 თებერვალს წერს, რომ სომხეთმა მიწისძვრის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების ხუთი სატვირთო მანქანა გაუგზავნა.
"ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა სატვირთო მანქანებმა გადაკვეთეს მარგარას ხიდი საზღვარზე და მიემართებიან მიწისძვრით დაზარალებული რეგიონისკენ", - დაწერა ტვიტერზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა.
Anadolu-ს ცნობით, სომხეთის ქალაქ მარგარასთან მდებარე გადასასვლელი ბოლოს 1988 წელს გაიხსნა. იმ დროს თურქეთიდან სომხეთში ჰუმანიტარული ტვირთი სპიტაკის უძლიერესი მიწისძვრის შემდეგ შეიტანეს, რომელსაც სხვადასხვა შეფასებით 25 000-იდან 45 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.