გია ნოდია პარიზის ტერაქტს ეხმაურება და ისლამისა და ტერორიზმის შესახებ  სოციალურ ქსელში წერს.

“როგორ ვთქვათ სიმართლე ისლამისა და ტერორიზმის კავშირზე ისე, რომ ისლამოფობიაში არ გადავვარდეთ? ეს რთული პრობლემაა – ჩვენიც, საფრანგეთისაც, ამერიკისაც. პოლიტკორექტული პოზიციაა, რომ ისლამი არაფერ შუაშია, რომ ტერორისტებს რელიგია არა აქვთ, რომ პრობლემა ცალკეული ინდივიდების ბოროტ ნებაშია (პატრიარქმაც ისწავლა ასეთი პოლიტკორექტული ლაპარაკი, რაც მის შემთხვევაში შეიძლება ცუდი არც იყოს).

კარგია, ეს მართალი რომ იყოს, მაგრამ რა ვქნათ, რომ ტყუილია. კეთილშობილ ტყუილსაც მოკლე ფეხები აქვს. ისლამური ტერორიზმი ემყარება ყურანის ბუკვალურ, სიტყვასიტყვით წაკითხვას. ალბათ, მისი წაკითხვა სხვანაირადაც შეიძლება, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ყურანში შეიძლება იპოვო მასობრივი ძალადობის ინსპირაცია. (ბიბლიაშიც, პრინციპში – წამკითხველს გააჩნია. აბა, ჯვაროსნული ლაშქრობები რა იყო?).

ბიბლიასა და ყურანს შორის პარალელები გავლებას არ დავიწყებ, არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ მგონია, რომ დღეს ძირითადი განსხვავება ქრისტიანობასა და ისლამს შორის არის არა რელიგიურ დოქტრინებში, არამედ იმაში, რომ ქრისტიანულმა სამყარომ აღიარა, რომ თანამედროვე ეპოქა, მოდერნულობა გამორიცხავს შუა საუკუნეების პრაქტიკებს. ქრისტიანებს, სწორედ რომ რელიგიური მოტივით და ბიბლიის ციტირებით, უამრავი ხალხი დაუწვავთ და თავებიც დაუჭრიათ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს „აღარ მოსულა“.

დღესაც კი მოინახება ბევრი ქრისტიანი, ვინც სიამოვნებით გააგდებინებს ვიღაცას თავს და ამას რელიგიით გაამართლებს, მაგრამ ზოგადად ქრისტიანული სამყარო, ანუ „დასავლეთი“ ბოლო საუკუნეებში ისე განვითარდა. რომ რელიგიური ფანატიკოსებიც კი იძულებულნი არიან, ძალადობაზე უარი თქვან (ან „ტაბურეტკის“ მასშტაბის ძალადობას დასჯერდნენ).

პოლიტიკური ისლამის არსი არის სწორედ მოდერნულობის შეგნებული უარყოფა და მეშვიდე საუკუნის პრაქტიკებთან დაბრუნება (დავაზუსტოთ: იგულისხმება მოდერნული ღირებულებების და ინსტიტუტების და არა ტექნოლოგიების უარყოფა). ამიტომ ქვია მას „ფუნდამენტალიზმი“. ისლამურ ტერორიზმს წარმატებით ვერ შეებრძოლები, თუ ეს სიმართლე არ იცი.

მაგრამ არის მეორე სიმართლეც: მუსლიმების უმრავლესობა არ არის ფუნდამენტალისტი, და ზოგი ფუნდამენტალისტი არ არის ტერორის მომხრე. ისლამოფობიის თავიდან აცილება არის ევროპული ცივილიზაციის (მათ შორის ჩვენი) არა მხოლოდ მორალური მოვალეობა, არამედ სტრატეგიული ამოცანა.

სავარაუდოდ, ისლამურმა სახელმწიფომ იმიტომ დაარტყა პარიზს, რომ გაუჭირდა, თავის რეგიონში რადენიმე ბრძოლა წააგო და ახალი რეკრუტების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. მისთვის კარგია, დასავლეთმა დაიწყოს თავისი მუსლიმების მასობრივი დევნა, რითაც დაეშის პროპაგანდა ისარგებლებს: ხომ ხედავთ, დასავლეთი ყველა მუსლიმის მტერია, შემოგვიერთდით, ხსნა მხოლოდ ჩვენთანაა. მას უნდა, ახალი ფრონტი გახსნას ევროპაში.

დასავლეთმა უნდა გააძლიეროს დარტყმები დაეშზე სირიასა და ერაყში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუპირისპირდეს თავის მუსლიმებს და ამით არ გაარადიკალოს ისინი (მათ შორის ახალჩამოსული ლტოლვილები). მერე ვინ გითხრათ, რომ ეს ადვილია? მაგრამ აუცილებელია”,-წერს გია ნოდია.