„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული, 150 მლნ დოლარის ინვესტიციის პროექტი დაიწყო, რომელიც 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაზრდის აეროპორტს გამტარუნარიანობას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი იმისთვის, რომ განვითარდეს საქართველოს საავიაციო სექტორი. 

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 5 მილიონი მგზავრი, შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული ჩარევები, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, იმისთვის, რომ გაორმაგდეს არსებული  გამტარუნარიანობა. ზოგადად მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რომელიც დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში გვაქვს. ნამდვილად რეკორდული იყო 2025 წელი, 2026 წელი გამოწვევების მიუხედავად ძალიან კარგ ნიშნულზეა, ივნისის მაჩვენებლებით ნამდვილად ძალიან საგრძნობი მატება გვაქვს როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ჯამურად, 2026 წლის ივნისში საქართველოს აეროპორტები თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტიანი ზრდაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ საავიაციო სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ ივნისის თვეში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანია - ნორვეგიის ავიახაზები შემოვიდა, რომელმაც საქართველოს დედაქალაქი დანიის დედაქალაქს დააკავშირა.  ასევე, თამარ იოსელიანის ინფორმაციით, ორ დღეში შედგება ახალი, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზის გახსნა, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი წინსვლა და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ დამატებით მოვემსახუროთ ახალ ავიაკომპანიებს, გაზრდილ მგზავრთნაკადს. ასევე მნიშვნელოვანია ის ტვირთნაკადი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტით გადაიზიდება, სადაც ასევე საგრძნობი მატება გვაქვს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ის თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ზოგადად სატრანსპორტო სექტორში და ავიაციაც სწორედ ნათელი მაგალითია. მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომელსაც განახორციელებს კომპანია „TAV აეროპორტსი“ იმისთვის, რომ ეფექტიანად მოხდეს მომხმარებლებს მომსახურება.

„ასევე მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც სამომავლოდ გვაქვს, უკვე დავიწყეთ მუშაობა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე. ამ მიმართულებით შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები იდგმება, გეგმა-გრაფიკის მიხედვით მივდივართ და როგორც აქამდე განვაცხადეთ, 2032 წლისთვის ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში. ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროცესი იქნება გამჭვირვალე, შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე შეძლებს, რომ მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროცესში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.