9-12 მაისს, იტალიაში, ქალაქ ლეკოში ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 13 ქვეყანამ და 738 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს სახელით იასპარეზა 9 სპორტსმენმა, რომლებიც 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოფიციალურ მსაჯებად მიწვეული იყვნენ საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის წარმომადგენლები, მათ შორის, ნატალი ბიძინაშვილი და ნოდარ ელიშაკოვი, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო აღიარებისთვის.
„ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ განევითარებინათ საკუთარი თავი, როგორც სპორტული თვალსაზრისით, ასევე პიროვნული და გუნდური სულისკვეთებით. ვიტყოდით, რომ ჩემპიონატმა წარმატებით ჩაიარა. ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ტატამიზე ენერგიულად და თავდაუზოგავად იბრძოლა.საბრძოლო ტატამიზე გადაბიჯება, რომელზეც ასობით ადამიანი გიყურებს, თავისთავად დიდ სიძლიერეს მოითხოვს. მონაწილეებისთვის მთავარი იყო არა მხოლოდ მედლები, არამედ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, გამოწვევებთან გამკლავება და ღირებული გამოცდილების დაგროვება. მსგავსი საერთაშორისო შეჯიბრებები ავითარებს როგორც ტექნიკურ უნარებს, ასევე აღვივებს პიროვნულ სულისკვეთებასა და გუნდურ ენერგეტიკას. სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ჩვენი ფედერაცია ცდილობს — ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, გაიზარდონ როგორც ღირსეული სპორტსმენები და ძლიერი პიროვნებები,“ - აღნიშნავს საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის ადმინისტრაციული დირექტორი, ნატალი ბიძინაშვილი.
ცნობისათვის, გოჯუ-რიუ ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განავითაროს ფიზიკური და შინაგანი პოტენციალი და მოიყვანოს ადამიანი ჰარმონიაში, როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. გოჯუ-რიუ კარატე, საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის ხელმძღვანელობის ქვეშ ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე ვითარდება და მუშაობს ახალგაზრდა საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.