ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სომელიეები, კომერციული სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

5-დღიანი ტურის ფარგლებში, სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ,  დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა  2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია  მიმდინარე წელსაც გრძელდება.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის პირველ  კვარტალში საქართველოდან გერმანიაში 300 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31% შეადგინა.