ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში არავინ ერევა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის მხრიდან კურსზე ზეწოლა არ მომხდარა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, წლის განმავლობაში რეზერვები მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

"ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ადგილზე უფრო მეტად ვისაუბრებდი იმ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკშია და იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ის უნდა ახორციელებდეს და არ დავიწყებდი ხელის გაშვერას სხვაგან. ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განახორციელოს შესაბამისი ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთს, არასდროს დასმულა კითხვა, ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს თუ არა, კითხვები დაისვა მის მოცულობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება. არავინ არ ერევა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი არის ყველაზე დამოუკიდებელი, რაც კი ოდესმე ყოფილა, მათ შორის, იმ პერიოდში, როცა ქადაგიძე იყო პრეზიდენტი და როცა მას არასოდეს დაუჩივლია, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი.

8 თვეა რეალურად გასული და საქართველოს ბიუჯეტს არ მოუხდენია ზეწოლა ეროვნული ბანკის პოლიტიკასა და სავალუტო კურსზე. საქართველოს მთავრობამ იმის გამო, რომ გაითვალისწინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, ისე, რომ შემოსავლების თვალსაზრისით პრობლემა არ ჰქონდა, შეამცირა ბიუჯეტში შემოსავლებისა და მიმდინარე ხარჯების გეგმა. გარდა ამისა, რომ წლის განმავლობაში დავაგროვეთ დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც შემოვიდა გადასახადებითა და სხვა შემოსულობებით. ჩვენ შევხდით კომერციული ბანკის ხელმძღვანელებს და პირობა მივეცით, რომ ნოემბერსა და დეკემბერში ასევე დავაგროვებთ დაახლოებით 300 მილიონ ლარს, ანუ წლის განმავლობაში ჩვენი რეზერვები მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ასე თანაბრად ბიუჯეტი არ დახარჯულა არასდროს და არანაირ ზეგავლენას ბიუჯეტი გაცვლით კურსზე არ ახდენს. გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგარეო შოკები უკვე ანულირებულია და მათი ზეგავლენა აღარ ხდება. იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი საკუთარი პოლიტიკით განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, და მეორე მხრივ, თავს დაანებებს ბიუჯეტისკენ ხელის გამოშვერას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.