გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროპროდუქციის ხარისხის და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სახელმწიფომ აქტიური მონაწილეობა მიიღო დაბალი ხარისხის, არასტანდარტული ვაშლის დაბინავებაში. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის კრეფის სეზონი. ორი კვირის წინ ვიყავით აჭარაში, სადაც, აჭარის მთავრობის კოორდინაციით და ჩვენი მხარდაჭერით, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი; ამავდროულად, მოსავალი რასაც მივიღებთ, შესაბამისად და სრულად იყოს დაბინავებული“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქცია პირდაპირ უნდა ასოცირდებოდეს მაღალ ხარისხთან. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ თანმიმდევრული რეფორმით.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 15 საწარმომ 30,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო დაფინანსება   3  მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით უზრუნველყოფილია მოსავლის სრულად დაბინავება. არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ  ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის  რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1 აგვისტოდან 16 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 3.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.8 ათასი ტონა ვაშლი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7%-ით (299 ტონა), ხოლო ღირებულება 19%-ით (542 ათასი აშშ დოლარი) გაიზარდა.