გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ რთველის მზადებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გამკაცრება ფალსიფიკაციის პრევენციასა და ქართული ღვინის რეპუტაციის დაცვას ემსახურება, რაც საბოლოოდ მევენახეების კეთილდღეობაზე აისახება:

„ღვინის ფალსიფიკაციასთან ვიქნები ძალიან მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი - ზუსტად ასეთი მიდგომა მაქვს მეც და მთელ უწყებას. პროცესი სურსათის ეროვნული სააგენტოდან იწყება და ღვინის ეროვნული სააგენტოთი მთავრდება. არ გადის თვე, რომ არ ჩატარდეს საკონტროლო შესყიდვები, როგორც რესტორნებსა და დარბაზებში, ისე ქსელურ მარკეტებში. გვქონია არაერთი შემთხვევა პროდუქციის მთლიანად ამოღებისა და კონფისკაციის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ვიქნები მკაცრი, რადიკალური და შეურიგებელი, რადგან ფალსიფიცირებული ღვინის ადგილი საქართველოში არ არის. ხარისხიანი ღვინის მისაღებად კომპლექსურად ვატარებთ სხვადასხვა რეფორმას - დაწყებულს რთველის პროცესით და დამთავრებულს ვენახის გაშენებით.

შარშან გვქონდა პირველი საპილოტე პროექტი, სადაც განვსაზღვრეთ კონკრეტული შაქრიანობის გრადუსი და მოხდა ყურძნის ხარისხობრივი გრადაცია. წელს კონტროლი კიდევ უფრო მეტად გავამკაცრეთ და მკაფიოდ ვამბობთ: რომელია მაღალი ხარისხის ღვინო, რომელი - საშუალო და ა.შ.

17 გრადუსამდე შაქრიანობის ყურძენი წელს 30 თეთრად ჩაბარდება, რადგან არ შეიძლება მას ერქვას ყურძენი და გამოყენებულ იქნეს ღვინისთვის. თუ ვინმეს საკუთარი მოხმარებისთვის ან საშამპანურე მასალად სურს - კი ბატონო, მაგრამ იქ, სადაც სახელმწიფოა პასუხისმგებელი და სადაც სასმელს „ღვინო“ უნდა ერქვას, სტანდარტები მკაცრად არის განსაზღვრული. დანარჩენი პროცესი იქნება მკაცრად კონტროლირებული და თითოეული მევენახე ანაზღაურებას საკუთარი შრომისა და ხარისხის შესაბამისად მიიღებს“, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.