„დღეს მე რომ ვარ ხელისუფლებაში, ეს არის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილება და დამსახურება. შესაბამისად, მე, როგორც დედაქალაქის მერი, როგორც პოლიტიკოსი, ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამის გატარებას და ამაში აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. -  ამის შესახებ კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

" კალაძე არის რუსეთუმეო და ამას ამბობს ვინ? - ლევან ხაბეიშვილი. ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში. ეს კამპანია არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს კალაძე, „ქართული ოცნება“ აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს. პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესებს. მათ, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკება, ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ გააჩნიათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა შეურაცხმყოფელი უწოდა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს. „არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.