"ერთი საკითხი არის ამ შემსრულებლების, ჯარისკაცების, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათი არასათანადო დასჯა, იქ თავიდანვე არასწორი მუხლი ჰქონდათ მიყენებული, უფრო მძიმე მუხლი უნდა ყოფილიყო. ახლა კიდე უფრო შეუმსუბუქეს და ალბათ კიდევ შეუმსუბუქებენ, მაგრამ მეორე, მთავარი საკითხია, რომ სრულიად ხელშეუხებელნი არიან საჯაროდ ორგანიზატორები და ლიდერები ივანიშვილის რეჟიმის ამ პუტინისტური ნაწილისა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „5 ივლისის საქმის“ სასამართლო პროცესს.

„ეს იგივე ხალხია, რომელიც ტელევიზიაში იძახდა, რომ კიდევ იზამდნენ, ასე უნდა ქნან, მათ ვინც აქციაზე აორგანიზებდა. ეს იგივე ხალხია, რომელიც საჯაროდ პუტინს გულშემატკივრობს უკრაინის, ანუ საქართველოს წინააღმდეგ, ეგ ხალხი არიან სრულიად ხელშეუხებელნი.

ამიტომ თუ ვინმეს კიდევ დარჩა რაიმე ილუზია ამ რეჟიმის სახეზე, ამით მაინც უნდა მიხვდეს, რომ ივანიშვილის სახე არის პუტინისტური პროპაგანდა, განწყობა და სულისკვეთება, რადგან მათ ეყრდნობა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ