გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტი ტარდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში. ღონისძიება უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის არის, -  ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ განაცხადა.

პაატა კალანდაძის თქმით, მასში მონაწილეობას იღებს 70 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი.

„რაც მნიშვნელოვანი და მთავარი არის ამ ფორმატის ღონისძიებაში, პირველად ფიქსირდება 160 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობა. ხაზგასასმელია, რომ მათ შორის არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მას ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ ფორმატის შეხვედრაში, რომელიც ჩანიშნული არის ამ ღონისძიების ფარგლებში. მთავარი, მას მიეცემა საშუალება გამოვიდეს სიტყვით დიდი აუდიტორიის წინაშე.

ასევე ჩანიშნული არის არაბთა გაერთიანებული საამიროების დაარსებიდან 52 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც ასევე ჩვენი ქვეყნის პრემიერი აქტიურად იქნება ჩართული”, -  განაცხადა პაატა კალანდაძემ.