ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საბერძნეთს ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარი უთხრა

ევროპის ცენტრალური ბანკი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებზე და აცხადებს, რომ საბერძნეთისთვის ვალის პატიების ან რესტრუქტურიზაციის საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ Reuters-ი ბანკის გამგეობის წევრის ბენუა კიორის განცხადებას ავრცელებს. 

კიორი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის ვალის პატიების საკითხი საერთოდ სცილდება ცენტრალური ბანკის კომპეტენციას და სხვა განხილვის საგანია. გუშინ, საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ულტრამემარცხენე პარტიამ უკვე განაცხადა, რომ საერთაშორისო საკრედიტო ინსტიტუტებისგან ვალების პატიებას ითხოვს.

„სირიზას“ ლიდერების მიმართვა, ძირითადად, ევროპის ცენტრალურ ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეხებოდა. საბერძნეთის საგარეო ვალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 150%-ს აღემატება, რაც ვალის მომსახურებას და ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ერთდროულად ფაქტობრივად გამორიცხავს. 

ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაცია საერთაშორისო კრედიტორების მიმართ ერთხელ უკვე განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...