საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა) რიგით მეშვიდე კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) დაჯილდოების ცერემონიას მართავს.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი, ათეა-ს პრეზიდენტი კახა კალაძე დაესწრო და კონფერენცის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სახელით, ვმასპინძლობ რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დაჯილდოების ცერემონიას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციას ვხვდებით უკვე ხელშესახები და თვალსაჩინო შედეგებით, რაც მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის დანერგვით. როგორც იცით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას. პროგრამა უკვე შვიდი წელია მიმდინარეობს და მისით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. იგი ხელს უწყობს, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, სერვისების მიწოდების წარმატებული მაგალითების გამოვლენას და მათ გაზიარებას სხვა მუნიციპალიტეტში.
შედეგად, ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს საკმაოდ ინოვაციური და წარმატებული პროექტები, რომელთაგან ბევრი აღიარებულია საუკეთესო პრაქტიკად. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ. მომდევნო წლების განმავლობაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაძლიეროთ მუნიციპალური სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ეროვნულ კონფერენციაზე სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ დუშეთის, ქუთაისის, ფოთის, თეთრიწყაროს, სენაკის, დმანისის, ხარაგაულის, რუსთავის, ონის, ბათუმის, ბაღდათის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს. ღონისძიებაზე ასევე, დაჯილდოვდნენ თვითმმართველი ერთეულების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში.
თბილისის მერმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა.
„ათეა სპეციალური პრიზებით ყოველ წელს აჯილდოებს მუნიციპალიტეტებს. წელს ჯილდოები გადაეცემათ 11 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების მერებს. სპეციალური პრიზებით ასევე, დაჯილდოვდებიან თვითმმართველი ერთეულების თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დღევანდელ კონფერენციაზე - მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და ათეა-ს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. აქ იმყოფება კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. მინდა, მას მადლობა გადავუხადო მზაობისთვის, ხელი შეუწყოს დიალოგს საკანონმდებლო და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები დეცენტრალიზაციის პროცესის განვითარების, პროცესის გამჭვირვალობისა და პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კონფერენციის ფარგლებში, ათეა-სა და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტს კახა კალაძემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.
ათეა-ს რიგით მეშვიდე ეროვნულ კონფერენციას ცენტრალური და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს მუნიციპალიტეტების პირველი პირები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.