ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს.

„„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა.

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.

„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს კომპანიას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა“ - წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.