"როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითვაზე განაცხადა.

„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.

„ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. უბრალოდ, სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას ვუთხარით ის მოცემულობა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას; როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას. სხვათა შორის, სანქციებთან დაკავშირებით თავიდან უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ უკვე რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. შეიძლება ჩვენ ხვალ,ზეგ ვიხილოთ ისეთი რეზოლუციები, სადაც გაგვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ქვეყანაში. არაფერია გამორიცხული.

ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა; დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვფიქრობ, დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადასახედიდან, თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო - იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომლებიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი, ხვალინდელი დღე და ჩვენი ხალხია. ამიტომ, ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.