რიგით მეოთხე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა დასრულდა. აგროოლიმპიადის გამარჯვებულები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის კოორდინატორმა ეკატერინე ავალიანმა დააჯილდოვეს.

ოლიმპიადის პარტნიორებმა და სპონსორებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლებისა და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.

აგროოლიმპიადის კონკურსის სხვადასხვა კატეგორიიდან 42 გამარჯვებული გამოვლინდა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით იმართება. ოლიმპიადის კონცეფციის ავტორია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA). აგრარული ოლიმპიადის პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ: სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლება აგრარულ სფეროში; აგრარული პროფილის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები; ფერმერები, რომლებიც ჩართული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ხანგრძლივი პრაქტიკის შედეგად აქვთ საჭირო ცოდნა და გამოცდილება და 14-დან 18 წლამდე ასაკის, როგორც სპეციალიზებული კოლეჯის, ასევე, საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები.