გამოჩენილი ლოტბარის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და შოთა რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ჯემალ ჭკუასელის 90 წლის საიუბილეო თარიღი მის მშობლიურ ქალაქში საზეიმო კონცერტით აღინიშნა. 


ღონისძიებას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან ერთად დაესწრო.  
„ჯემალ ჭკუასელის დამსახურება დიდია ქართული საგანძურის შენარჩუნებასა და განვითარებაში. მან უნიკალური ფოლკლორის აღორძინებას მთელი ცხოვრება მიუძღვნა და თაობებს შემოუნახა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისთვის. მადლობა ანსამბლის თითოეულ წევრს მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი პროგრამისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ. 
ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ პროგრამით - "ქართული საგანძური" წარდგა. შესრულდა სამხატვრო ხელმძღვანელის, შერმადინ ჭკუასელისა და მთავარი ქორეოგრაფის, ეკა ჭკუასელის მიერ დადგმული ახალი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.