საქართველოს პროკურატურამ, თბილისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.