ვფიქრობ, არც აშშ-ის ელჩს აქვს პასუხები სანქციებთან დაკავშირებით და იმიტომ მოუწია ისეთი პასუხების გაცემა, როგორიც გასცა - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „იმედი LIVE“-ში ისაუბრა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ სანქცირებულ მოსამართლეებზე საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება.
„ამას მოულოდნელობის ეფექტი რა თქმა უნდა, ჰქონდა. მაგალითად, ვკითხოთ ოპონენტებს და ახსნან, ვალერიან ცერცვაძე რატომ იყო იქ, რომელიც აღმოჩნდა, რომ 6 წელია, აღარ არის მოსამართლე. ვფიქრობ, არც აშშ-ის ელჩს აქვს პასუხები ამასთან დაკავშირებით და იმიტომ მოუწია ისეთი პასუხების გაცემა, როგორიც გასცა. ხან ითქვა, რომ სარწმუნო წყაროებია, ხან ითქვა, რომ ღია წყაროებია, სინამდვილეში როგორც ირკვევა, წყლის მეტი არაფერია. რა თქმა უნდა თავს შევიკავებ ნებისმიერი მოსამართლის მიმართ ჩემი პირადი სიმპათიის ან ანტიპათიის დაფიქსირებისგან, ეს არ შეიძლება სწორი იყოს პოლიტიკოსის მხრიდან, მაგრამ მომწონს თუ არ მომწონს, ამის მიღმა უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს - დამოუკიდებელი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე როდესაც არის ასეთი ბრალდება, არ შეიძლება, რომ რახან ჩემთვის ავტორიტეტულმა ადამიანმა ან სტრატეგიულმა პარტნიორმა თქვა, ბრმად ვენდო. ძალიან მნიშვნელოვანია ამას ბოლომდე მივყვეთ და თუ რამე სათქმელი არსებობს, ითქვას“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე 2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ