საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა.

„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა. 

ცნობისთვის, ლევან მურუსიძე (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, 2018 წლის დეკემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ), მიხეილ ჩინძალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, 2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ) ირაკლი შენგელია (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე) და ვალერი ცერცვაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი თავმჯდომარე  2007-2017 ) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ „ამ პირებმა სასამართლოს თავმჯდომარეობისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს".

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კი აცხადებს: ჩინჩალაძის, მურუსიძის, ცერცვაძის და შენგელიას სანქცირების გადაწყვეტილება გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ