მგონია, რომ კონსილიუმის დამატებით მისვლა საჭირო არ არის, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გაუარესებულია, ყველა ექიმი საუბრობს, თუმცა მნიშვნელოვანია ვთქვათ, რა არის ამის მიზეზი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
„ამდენი ხანია, არ ყოფილა არგუმენტირებული მოსაზრება, რა არის მიზეზი წონის კლების, ან დიაგნოზების. კონსილიუმი სანამ არ ისაუბრებს, რა არის რეკომენდებული იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, მანამდე არ ვიცი, რამდენად აქვს აზრი ასეთი დიაგნოზების თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას. როცა ვიტყვით, რომ რეკომენდებულია კონკრეტული სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, იქვე დადგება საკითხი, ამ მანიპულაციის ჩატარების შესაძლებლობა არსებობს თუ არა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში. მაგრამ პოლიტიკური მსჯელობის ნაწილი როცა ხდება და ამაში მოიაზრებენ საკუთარ თავს კონსილიუმის წევრები, ეს კარგად არ გამოიყურება, რადგან მათ აქვთ განსაზღვრული ამოცანები. შეფასებების გაკეთება იმაზე, რა უკეთესია, უცხოეთში წაყვანა თუ რომელიმე დაწესებულებაში განთავსება, არ მგონია, რომ პირდაპირ ექიმების გადასაწყვეტი იყოს, რადგან საკითხში სამართლებრივი კომპონენტი შემოდის. რა საკითხიც შევისწავლე, ყველაფერზე დაყრდნობით შემიძლია, ვთქვა, სააკაშვილს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის რაც სჭირდება, ამაზე ხელი მიუწვდება და ინფორმაციაც მიწოდებული აქვს. ამის მიუხედავად არ თანხმდება რეკომენდებული კურსის გავლას, რაც რეალურად აუარესებს მის ჯანმრთელობას. ითქვა ისიც, რომ სანამ სააკაშვილი ისეთ გარემოშია, რომელიც მას არ მოსწონს, სტრესის პირობებშია, მისი მკურნალობის ეფექტიანობა მათი მხრიდან ეჭვქვეშ არის დაყენებული. საკითხის ასე დაყენება არასწორია, რადგან არ მგონია, პატიმარი ნახოთ, რომელიც იმავე სტრესში არ იყოს. მაშინ, უნდა ვთქვათ, რომ ყველა პატიმარი, ვინც წონაში დაიკლებს და თან სტრესი ექნება, გავათავისუფლოთ. პრეზიდენტობის გამო თუ ვითხოვთ, რომ ამ კაცს ჰქონდეს განსაკუთრებული პრივილეგია, იდგეს სამართალზე მაღლა, არ ვიცით, რამდენად თავსებადია თუნდაც ევროპულ ღირებულებებთან და აზროვნების მოდელთან, რაც ევროპაშია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის აპარატმა „ვივამედში“ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.